შუალედი - დან - მდე
 
 


მეტეხის ხიდთან


ჩქარი დენა ზვირთზე ზვირთის,
ყრუ ჩხრიალი დაბახანის,
სუნი ხავსის და გოგირდის,
თვალი აღა-მაჰმად-ხანის...

ბანი წელში მოხრილ სახლის,
დაირის ხმა და დივანი,
ნარიყალა და ირაკლის-
დროინდელი აივანი...

ო, ირაკლის იცნობს ხევი,
მისთვის თერგი სხვა თერგია,
არ ჰქონია ტყვიამფრქვევი,
არც ატომის ენერგია,

არც ჰაერო, სივრცეთ მწვდომი,
ტანკის ხმაც არ გაუგია,
ისე გასჭრა ასი ომი,
ერთიც რომ არ წაუგია!

მხოლოდ, აი, ამ ადგილას,
სადაც ქარი აგეთია -
იმ სისხლიან დროის დილას
განიცადა ტრაგედია.

ახლა ჩქარი დენა მტკვარის
და ჩხრიალი დაბახანის
გამარჯვების მოწმე არის -
მოწმე ჩვენი ახალ ხანის.

[1946 წლის 11 სექტემბერი; 1951 წლის 6 ნოემბრამდე]