შუალედი - დან - მდე
 
 


გზით, ჩვენ მიერ გაკვალულით


გემზე ვდგევართ ჩვენ ვარდებით -
არა ბარდით და ნარ-ეკლით,
გზას ვკაფავდით თავდადებით,
გზას ვკაფავდით სულით, გულით.
ჩვენ ვიყავით სამშობლოში,
როცა სხივთა ანარეკლით,
გაიარა მზემ ნათებით,
გზით, ჩვენ მიერ გაკვალულით.

და სიცოცხლეც მზესთან ერთად
მიდიოდა, მიდიოდა...
არ იცოდა, რაა დაღლა.
არ ებმოდა თვალი რულით,
მრავალ სიმთა შემაერთად
მიდიოდა ზრუნვა დროთა,
და სულ მაღლა, მაღლა, მაღლა,
გზით, ჩვენ მიერ გაკვალულით.

და მამულის თვალი შვების
გრძნობით სჭვრეტდა გამალებით,
შეჰყურებდა ცის ნაპირას
გატანით და სიყვარულით,
სად ნიშია გამარჯვების,
კვლავ გმირული ამალებით
მიიყვანდა ადამიანს
გზით, ჩვენ მიერ გაკვალულით.

და თაობას კვლავ თაობა
განუწყვეტლივ ცვლიდა, ცვლიდა,
ბევრი ღამე გაანათა -
პოეზიამ სუნთქვით სრულით,
იყო დიდი მოძრაობა,
ყველგან სიამაყით ვლიდა,
ვლიდა დროშა თაობათა -
გზით, ჩვენ მიერ გაკვალულით.

[1946]