შუალედი - დან - მდე
 
 


პოეტი - ტრიბუნი


მაშინ, როდესაც წრფელ აზრს და მიზანს
ფეხქვეშ სთელავდა გაბოროტება,
როდესაც მხარეს ამირანისას
ავსებდა ხალხის მოთქმა-გოდება;

როდესაც ციმბირს მიმავალ გზაზე,
დღეღამ ისმოდა ბორკილთ ჟღარუნი,
როდესაც მტარვალს სახრჩობელაზე
აჰყავდა გმირნი უანგარონი;

როდესაც ფეთქდა ზეაღმაფრენი
იმ ძველი ქვეყნის არშეცოდება, -
მაშინ გაისმა სიმღერა შენი,
როგორც ძახილი და მოწოდება.

და ხალხმაც დიდი განძი გაჩუქა,
თვით სიცოცხლეზე ძვირფასი, ტკბილი:
ცხრაას ჩვიდმეტის მზით გააშუქა
ყველა მგოსანი და ბრძოლის შვილი.

მტერს გულს უკლავდა აღფრთოვანება,
გამოწვეული ჩანგის ჟღერითა,
მიდიან წლები, და ხმოვანება
გუგუნებს მეტი სიძლიერითა.

კვლავინდებურად ნერგავ მხნეობას,
შენ, ტრიბუნაზე ხელაღმართული,
და ასე იხდის მოვალეობას
დღეს პოეზია დიდი, ქართული!

აღივსო უხვთა ვაზთ სხივოსნობით
გიორგობისთვის კარზე მოდგომა...
გამოიხედე გარეთ, მგოსანო,
ეს სიზმარია თუ შემოდგომა?!

ზღვა ხალხს ახარებს საშვილიშვილო
ჩანგთა სიწმინდე, გულთა სიწრფელე,
ქარიშხალთა და გრიგალთა შვილო,
იცოცხლე დიდხანს და იდღეგრძელე!..

1946 წლის 30 ოკტომბერი
დილის 6 საათი და 15 წუთი