შუალედი - დან - მდე
 
 


ის სიხარულიც


დასაბამიდან, რაც სილამაზეს
ომმა შვენების ახადა რიდე,
ზღვაო! ურთულეს ცხოვრების გზაზეც
საშიშროება იყო სიმშვიდე.

იმ დროს ერთ მშვიდი ხაზით ტრიალი
პოეტისათვის ნიშნავდა კუბოს:
ასეთ დროს უცხო ოცნებით მთვრალი -
არ შეიძლება არ დაიღუპოს!

ვინაც ცხოვრება ზღვას შეადარა,
მან განირიდა სიტყვა „საბრალო“,
ავდართან ბრძოლამ გამოადარა,
გზა სახიფათო და უნაპრალო.

და ზიზღით ვიცით ის სიხარულიც,
თითქო გულში რომ ანთებს ნათურებს,
და იმავ გულში ბნელი, ფარული,
საშინელი გზით ხელს აფათურებს.

მაგრამ დავმშვიდდეთ, რაც სილამაზეს
დრომ დაუბრუნა შვენების რიდე,
ზღვაო! ურთულეს ცხოვრების გზაზეც,
ბედნიერება არის სიმშვიდე.
            
[1946 წლის 18 ივნისამდე]