შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დიდება კიდევ...


დიდება კიდევ
    ქალაქს და სოფელს,
გმირულად შეხვდეს
    შობილი მშობელს:

აღდგენა ცეცხლით
    გადამწვარ მხარეს,
სიკვდილი ხალხის
    შეურაცხმყოფელს!

ცამდის ასული
    ბოლი დუნდება,
ტოლი და სწორი
    შინ დაბრუნდება.

სიბნელისა და
    სისხლის მორევზე
სხვა განთიადი
    აგუგუნდება.

ასე გულწრფელის,
    ასე დამწვარის
ყველა შვილი ვართ
    სამშობლო მხარის.

მისი, რომელიც
    უძველეს დროით
წმიდათა წმიდის
    დაცვას იჩქარის.

იგი სიმწარის
    ფიალას სცლიდა,
მაგრამ თვის დროშას
    სხვებზე არ სცვლიდა.

გუშინაც კარზე
    მომდგარი მტერი
გაანადგურა
    კალმით და ხმლითა.

ვხედავთ უნდობარ
    დროის სულხდომას,
თავისუფლების
    სხვაგვარად მდომარს.

საკუთარ სისხლით
    სამშობლოს დამცველს,
ჩვენ გამარჯვებულს
    შევხვდეთ მეომარს.

გაქანებული
    უახლეს სიბრძნით,
დროშებიანი
    ეტლი ჰქრის გრგვინვით.

მაისმან ცხრამან
    დღენი გამოცდის
მას შეუცვალა
    დაფნის გვირგვინით.

გამარჯვებულო,
    სამშობლო მხარევ,
სულ დღესასწაულთ
    გზებით იარე.

კვალად დიდება!
    დღევანდელი დღე
ბრწყინვალეა და
    სხივმსხმოიარე.

1945 წლის 9 მაისი