შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მშობლიურ ჩანგებს...


მშობლიურ ჩანგებს
    დაუგდე ყური:
შენ სამამულო
    ომის დღეების

თავდადებული
    გესმის ხმაური? -
ეს სიმღერაა
    ჩვენი დღეების!

გესმის გუგუნი
    მეწყერის, შვავის?
გესმის ძახილი
    სიმაღლეების?

გესმის გრიალი
    მომსკდარი ზვავის?
ეს სიმღერაა
    ჩვენი დღეების.

თავისუფლების
    მოყვარულ ერებს
ვერ დასძლევს ზრახვა
    ბნელ სახეების.

მთა რომ იმღერებს,
    გზა რომ იმღერებს,
ეს სიმღერაა
    ჩვენი დღეების.

აქ ერთა ძმობა
    დროშას სწერია,
აქ ხმაა სივრცის
    და სივრცეების:

ფაბრიკა-ქარხნებს
    რაც უმღერია,
სულ სიმღერაა
    ჩვენი დღეების.

გვესმოდეს ბევრი
    ასეთი ჟღერა
გმირული საქმის
    და იდეების!

ეს გამარჯვების
    არის სიმღერა,
ეს სიმღერაა
    ჩვენი დღეების.

გუშინ სდუმდა ტყე.
    აქ მტრის მიზანი
იყო დანთება
    ცეცხლის წრეების,

მაგრამ დუმილსაც
    გრძნობს გულთმისანი:
ეს სიმღერაა
    ჩვენი დღეების.

1945 წლის 9 მაისი