შუალედი - დან - მდე
 
 


თავიდანვე თავდადებით


თავიდანვე თავდადებით
ვინაც დავენდეთ
კონსტიტუციას მთელის გრძნობით,
მთელის დანდობით,
დღესაც ის დროა,
კიდევ მეტის
ცეცხლით ავენთოთ,
ელვარე ცეცხლით, სიცოცხლით და
ახალგაზრდობით!

გაიცხოველეთ, მეომრებო,
გულის წადილი,
თავისუფლება თან დაგდევდეთ
უზენაესი:
სხვაგან ნისლი და სიბნელეა,
აქ კი - ნათელი,
სხვაგან მუდმივი ყინულია,
აქ კი - მაისი.

თავგადასავლით საოცარით
ქვეყნის ხალისი
თავის საყვარელ მოქალაქედ
მარად გიგულებთ,
და იმაისებს იმგვარადვე
თქვენი მაისი,
და თაიგულიც იმგვარადვე
ითაიგულებს.

იელვებს ოქრო მშვენიერი
რა აღმოსავლით,
და დასავლეთით ბრინჯაოთი
დაედინება -
ოქრო ელვარებს უხვი ფერით,
უხვი მოსავლით,
ოქრო ნარინჯის და თურინჯის
ქარვა-ბრწყინვება.

და სიხალისე მშრომელისა,
მსგავსად ფუძეა,
ქვეყნის სიუხვედ გადიქცევა
და ბრწყინავს იგი.
ჩვენ ხომ ხელთა გვაქვს
სტალინური კონსტიტუცია -
უდიადესი, უმძლავრესი,
ბრწყინვალე წიგნი.

სწორედ ამ წიგნის და ამ საქმის
დიდ წყაროებით
მთელად აბრწყინდა
სახე ქვეყნის ჩვენის დიადის.
იყო და ახლა აღარაა
უდაბნოები,
არც გაუტეხელ-გაუვალი
ტყეთა წყვდიადი.

სადაც აქა-იქ პაწაწინა
ჩანდნენ სოფლები,
განათლებისა, ქალაქების
დგას დარბაზები,
წამოწყებანი სამრეწველო,
სარწყავ არხების -
გასახარელად ნათელი და
მკვეთრი ხაზები.

და თვალუწვდენელ სამშობლოის
ტერიტორიას
ლიანდაგები რკინიგზების
გადახლართვიან,
თვლა აღარა აქვს ჩვენი ქვეყნის
მძლავრ ელსადგურებს,
მრავალ ათასთა სოფლის არეს
რთავს ელნათურა.

ჭაობი იყო, ახლა კი გზა
უდიადესი
საამურად და სასურველად
გვესალმუნება.
ამწვანებულან ბაღები და
ველნი სათესნი.
ადამიანმა აწ შეცვალა
თვითონ ბუნება.

ადამიანმა ამ ბუნების
შეცვალა ჰავა;
მრავალ მილიონ ათას ჰექტარს
მალე ტყეები
მოეფინება, როგორც სუნთქვათ
რაიმე ლავა,
არ დაილევა ძალები და
გამარჯვებები.

როს მივდივართ გზით, ნაჩვენებით
სტალინის მიერ,
ვითარ დიდია უფლებანი
მოქალაქეთა.
დიდებულია ერთა ძმობა,
დიდია ძლიერ,
რომ არ სმენია ისტორიას
ჯერეთ აგეთი.

მოქალაქეთა უფლებანი
თანასწორია.
თავისუფლების ის ჰაერი,
რითაც ჩვენ ვსუნთქავთ,
ვერსად ვერ ჰპოვებს მსოფლიოში
მსგავსს ისტორია.
საზიზღარ ომის გამჩაღებლებს
ის გულს უთუთქავს.

უწმინდესია მარად ჩვენი
მოვალეობა:
სამშობლოს იცავს თანამოძმე
და თანატომი,
რომ  განამტკიცოს მშვიდობა და
შრომის მხნეობა -
მხოლოდ ამისთვის,
ჩვენ ამისთვის გვინდა ატომი.

ამხანაგებო! სიხარულით
ვინაც დავენდეთ
კონსტიტუციას, დიდ ოქტომბერს
რომ მოუცია -
სწორედ ის დროა, კიდევ მეტის
ცეცხლით ავენთოთ.
მაშ გაუმარჯოს, გაუმარჯოს
კონსტიტუციას!

სამშობლოსათვის არის ჩვენი
დღე და საათი,
სამოცდაათი წელი ღირდეს
ბევრ ათას წელად,
მალე ჩვენს სტალინს უსრულდება
სამოცდაათი.
მაშ გაუმარჯოს, გაუმარჯოს
საყვარელ ბელადს!

[1944; 1949]