შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ხალხთ მეგობრობა...


ხალხთ მეგობრობა... ეს ნატვრა
მამა-პაპათა ან დედათ
ეხლა ელვარებს უცხო რამ
ხელთუქმნელ შარავანდედად.

იგია დაუშრეტელი
სათავე სიბრძნის წყაროთა,
როგორც ქვითკირის კედელი
სიგმირეთ უანგაროთა.
არის მშობლიურ დროშათა
აღტაცებული ფრიალი,
ისევე ხალხთა ძმობის და
მეგობრობისა გრიალი.
და იბრძვის ბევრ ათეული
ხვეული ერთმინადენი,
რუქაზე ვერდატეული
გამარჯვებები ამდენი.

მოტყდა ის, ვინც ასაკლებად
მოაწყდა ჩვენს ჭალებს და მთებს...
ავუკლებივართ ნაკლებად:
ჰკითხონ დამსხვრეულ გენერლებს.
რტყმა - საზღვარს იქით მიმწვდომი -
კარგად იგემა ყაჩაღმა,
ცხადია, წააგო ომი,
ვინც ომი აქ გააჩაღა.

რომელ იმათგანს შესწევდა
ან ძალა, ანუ გენია -
დიდი ლენინის მთელ ერს და
მსოფლიოს რომ მოჰფენია,
ლენინის, რომელმაც ერთმა
შეიძლო, როგორც არავინ,
ისეთ დროს რომ წარემართა
დიდი და გაუბზარავი
ცხოვრების გემი, წარსული
გზით, დიდი მომავლისაკენ,
სინათლისაკენ, გზა სრული
გამარჯვებისკენ, მზისაკენ!

გახსოვდეს მარად, ყოველ გზის
ყოველგვარ საქმით და გრძნობით -
მზის, მშობლიურ მზის, ნათელ მზის
ამოსვლა ხალხთ მეგობრობით.
                  
[1944]