შუალედი - დან - მდე
 
 


ცხენი


როგორ არ ვიცნობ
ამ შქერის ღობეს:
აგერ ალაგი,
აგერ ჭიშკარი,
სადაც მთვარეზე
ვუხსნი მეზობელს,
რომ შემაღამდა
და მივიჩქარი.

რომ არ მომეშვა,
ვუთხარი მზახალს:
- მადლობელი ვარ,
ოტია, შენი...
მარა ხვალ დილით
მივალ გორმაღალს,
უნდა მათხოვო
როგორმე ცხენი.

- სულსაცო, - მითხრა, -
არ დაგიკავებ -
თუმც შვილივით მყავს
გულში ჩაკრული,
მიჩუქნიაო, -
თქვა და იქავე
მომგვარა ცხენი
მან სამაყრული.

თუმც ვუარობდი
ღიმმოშუქარი,
ხან დაყვავებით
და ხანაც წყენით,
მან, როგორც ძღვენი
და საჩუქარი,
ეს საოცარი
გადმომცა ცხენი.

დილით, გავსცდი რა
შუკასა და სახლს,
შემოვუარე
სოფელს ბილიკით...
ჯერ კიდევ, აბა
სად ვარ გორმაღალს -
ცხენიც გაჩერდა...
რა ამას იქით?

ვეუბნები ცხენს:
"ცხენო, ჰარიქა -
რა ამისთანა
ვარ დიდი ტვირთი!"
ფეხის გადადგმა
მისი არ იქნა...
კინაღამ კაცი
ბრაზით ავტირდი.

ვერ წაგიყვანო
ეხლა სწორებით,
ავად გავხდიო,
ვერ ხედავ განა?
გადავიყვანე
გზის მოშორებით,
სადაც ახალი
იწყება ყანა.

„ჰარიქა, ცხენო,
აბა, რასა ჰგავს?..
სადაა ღამის
გასათევარი!..“
დაუნანებლად
შემოვავლე თავს
ეს ფიშტო-თოფი
და სატევარი...

გამოვულოცე
მაგარი მჯიღით,
კოხის აბანო
ვუქენ მტეველი,
რომ ვერაფერი
გავაწყვე რიგით,
ვიშოვნე ერთი
ღამის მთეველი.

ეს მომაკვდავი
მიწისკენ წევით,
წელკავიანი
და აბეზარი
წამომდგარიყო
და შუას ზევით
სულ დაეჭამა
ბეკოს მესერი.

გორმაღალის გზა
ახლო როდია -
ვერ გავეტიე,
ვერ გავიგენი.
რას გადამკიდე
ამას, ოტია,
ეს რა საჯაყი
საქმე მიქენი!

რაც თავს გადამხდა
ჭექა-ქუხილით
ენით ვერ იტყვის
თვით რუსთაველი...
აუტყდა ცხენსაც
გულის წუხილი -
ინატრა ცხენმა
ღომის თაველი.

სულ დააშინა
გზა და სოფელი,
მაღაროელი
თუ აკლდამელი,
მთელი ის ღამე
საწყალობელი
გაწვალდა, როგორც
ძაღლისმჭამელი.

აბა, ის არის
ცხენის დიდება,
პატრონის ქებაც
სწორედ ის არი -
თავი რომ ერთობ
გაუდიდდება
და ვეღარ უძლებს
წვრილი კისერი.

გიყუროს ყველამ,
რა ოფლი გდივა,
რა საცოდავი
ხარ საქონელი.
თუ არ გაჭამეს
ქერი და თივა,
თუ არ წაგისვეს
ტანს სამუნელი.

წამოდგა ცხენი
და შეაჩვენა
გამომცემელი
მისი პირველი,
მაგრამ რა ცხენის
ბრალია წყენა,
არცა ვარ მისი
მე გამწირველი.

გაძვალტყავებულს,
ჯახრიკს და ზარმაცს
მე ვიცოდებდი
უვარგისს ყოვლად.
ვის მივანდობდი,
თუ არ არმიელს,
რომელმაც ცხენის
იცოდა მოვლა.
და სულ ერთი წლის
შემდეგ ეს ცხენი
მრავალ დოღებზე
თვით მყავს ნახული,
მიჰქროდა, როგორც
კორიანტელი,
როგორც მერანი
ყარაბახული.

ეხლა ეს ცხენი
იცნობა ჯიშზე,
როდესაც ომში,
ვით ნიაღვარი,
მოსწყდება არეს
და იერიშზე
გადაეშვება
ცხენოსანთ ჯარი.
                   
[1944]