შუალედი - დან - მდე
 
 


შოთა რუსთაველი შავი ზღვის პირად


ნაპირს, რასაც საოცარი
სილაჟვარდით ავსებს წყალი,
სადაც დაფნის ტყეებია
და მზიური ფორთოხალი,
ნაპირს, რის მსგავსს ზღვათ მავალი
ვერსად ნახავს კაცის თვალი -
გადმოვიდა მოყმე ვინმე,
ამაყი და სახე მკრთალი.

პირველ მუხლი მოიყარა,
მოწიწებით გადგა შორა,
თაყვანი სცა მშობელ მიწას,
რამდენჯერმე ეამბორა,
კვლავ დაემხო, კვლავ ცრემლები
სისხლის რუებრ მოატბორა,
მეღირსაო შენი ნახვა,
აწც ვინ დაგვაშორიშორა?

ამბობს: ჩემო სამშობლოო,
ღვიძლო დედავ, ჩემო კარგო,
დაგიბრუნდი შენი შვილი,
ვეჭვ, რაიმე დიდი გარგო,
გარნა ერთი სიცოცხლე მაქვს,
მინდა შენთვის გარდავაგო,
სიბრძნეს - ვეყმო, მოძმეს - ვეძმო,
საკადრისი მტერს მივაგო.

მე შენ შემჭერ სხვა ცხოვრების,
სხვა გარემოთ უცნობ ზვავში,
როსმე წყნარი და უღრუბლო,
ზამბახივით ნაზი ბავშვი...
ვნახე უცხო მხარეები,
გადავეშვი სიბრძნეთ ზღვაში,
ხან სიცხეში, ხან ავდარში,
ხან გრიგალში, ხან ნიავში.

მერამდენედ უნდა გითხრა,
მშობლიურო, კვლავ, მადლობა
ცისკრისათვის, რასაც დილის
ჰქვია მიმოსინათლობა.
იარისთვის, ჩემს დასისხლულ
ფეხს რომ აჩნის - ვითარ გზობა,
ყველაფრისთვის, რაც არა მაქვს
და ანუ მაქვს: გრძნობა, ცნობა.

აი დიდი, დაბურული
და ზვიადი სჩანს ტყეები,
ზევით, ქვევით ცის ლაჟვარდი,
გადაშლილი სივრცეები.
ცად აწვდილი სდგას ხეები,
კვლავ კლდეები, სახეები,
ახლო მესმის: ჩონგურები
აშრიალდნენ, ვით დღეები.

რაღაც უცხო სიმსუბუქით
მივყევარ სიმთ ოქროს ნავებს,
ნაყოფიერ მინდორთ ნუგეშს,
მზეთა ნუგეშს, ოქროს ხვავებს.
გმადლობ ზღვისთვის, არემარევ!
ამგვარად რომ ააყვავებს
აღმომხდარ მზით, ჩამავალ მზით,
იმ მთვარესა და ვარსკვლავებს.

მე რუსთველი ამა ზღვიდან
შემოვდივარ ჩემს ქვეყანას.
მოიარო სხვა ქვეყანა -
ვერ მოისმენ ამგვარ ნანას.
ხამს შესწირო კაცმა თავი
მხარეს - ედემს ამისთანას...
მის ვეფხობას, მის სიუხვეს,
სიყვარულს და ოქროს ხანას!
                
[1944]