შუალედი - დან - მდე
 
 


სარკმელი


მე მიხდება ივლისის
ლაჟვარდებში გაფრენა,
ეთეროვან ლივლივის
ქსელში გადასაფრება.

სხვაგვარია ზევიდან
მიწა, სიცხით დაგული,
იქ გზა, კლდეთა რღვევიდან,
აქ კი ცის შუაგული.

იყო მატარებელი,
მაგრამ მე სად მეცალა,
ოცნებათა მკრებელი
გაჭრილი ვარ ზეცადა.

უფრო ფართოდ იშლება
სივრცე ნათლად ხილული,
მთების გადაშიშვლება,
ლურჯად გადალილული.

როგორც ღამედ შევარდეს
ფრთამახვილი ისრები,
ისე ჩვენ ორბ-შევარდენს
გარს მოერტყა ნისლები.

ნისლი ნამებს აწურავს,
ელვარე და მბზინავი,
მიჰქრის, მიჰქრის, მისცურავს
გამბედავი მფრინავი.

აგერ ნისლში სარკმელი
მალე გამოაშუქებს,
დრო, ვერ გამოსათქმელი,
გამოსავალს გვაჩუქებს.

[1944]