შუალედი - დან - მდე
 
 


ქალი ლიმონებში


ქალი ოქროსფერ ლიმონებს არჩევს,
ის დაბრუნებად ბინას არ არჩევს.

საღამომ ლილისფერი გადაჰკრა.
ქალმა იადონს სიტყვა გადაჰკრა.

უეცარ ფიქრით რაღაც გულს ართმევს,
ქალი ფორთოხალს ეხლა კანს ართმევს

და ენანება მიწად დაგდება -
სურს სიმღერისთვის ყურის დაგდება.

ეს მოსავალი იქცა უბედა.
ერთხელ ოცნებამ რაღაც უბედა.

ეხლა წარსული მას ებრალება,
გულიც ხომ ბრალად არ ებრალება.

აგერ მზის შუქიც ლაჟვარდს მიაწყდა,
აგერ ზღვის ტალღაც ნაპირს მიაწყდა.

არავინ შურით არ ეშურება:
ქალი სახლისკენ მიეშურება.
              
 [1944]