შუალედი - დან - მდე
 
 


ლენინგრადის ფაბრიკა ბლოკადის დღეებში


აგერ პატარა,
იისფერი
    ფურცლების გროვა
ლურჯი თოვლივით
მთელ ფაბრიკას
    მიმოეთოვა.

ათასი ხელი
სწვდებოდა მათ,
    ერთი მეორეს
გადასცემდნენ და
სიხარულში
    ხედავდნენ სწორებს.

ხმაურობა და
შრომა დუღდა
    ჩვეულებრივი,
თხუთმეტ საათით
დღე-ღამეში
    მუშათა მწკრივი,

შრომის ომშია,
არ შორდება
    დაზგას მშრომელი,
მის სახეს ზრუნვა
დაჩნევია
    განუზომელი.

სიუხვე შრომის
სულ არმიის
    წინსვლათა გამო,
არა უნებო,
მოქანცული
    და უსიამო.

რა მოუტანა
მათ ისეთი
    ამ იისფერმა,
ძლივსშესამჩნევმა
ამ პატარა
    ფურცლების ჩქერმა,

რომ მათ სახეზე
ანთებულა
    კვლავ ცეცხლი გრძნობის,
სამშობლოსათვის
თავდადების,
    დიდი ერთობის?

კვლავ განმსჭვალულან
მოწოდების
    დიადი ცნობით,
ადამიანურ
სიამაყის,
    ღირსების გრძნობით.

ზღვა ფურცლებისა
და სტრიქონი
    აქ თვითეული
დიდსა და უკვდავ
სიმართლეში
    არის ხვეული.

სულგანაბულნი,
მდუმარენი
    და შინაგანი
აღფრთოვანებით
აღსავსეა
    ყველა მათგანი.

გადაქცეულნი
სამართლიან
    ცნობის გულისხმად
სულგანაბულნი
კითხულობენ
    და მოესმით მათ:

რომ შეტევაზე
გადავიდა
    ეს შრომა მათი,
რომ ბლოკადიდან
დახსნილია
    დღეს ლენინგრადი.
         
[1944 წლის იანვრის შემდეგ]