შუალედი - დან - მდე
 
 


გამარჯვების პირველი სალუტი


დაუვიწყარი
და ძვირფასი
    არსებობს წუთი:
აჰა, გაისმის
უმძლავრესი
    ხმა შორი ტეხის -
ეს მეთორმეტე
გრიალია
    ას ოც ქვემეხის,
ეს ჯარისადმი
სამშობლოის
    არის სალუტი!
თავზარდამცემად
ევლინება
    იგი ხმა ბოროტს,
მაგრამ სიმაღლეს
მისას მოძმე
    რომელი არ გრძნობს?
დაუვიწყარი
ცხოვრებაში
    არსებობს წუთი:
ეს უმძლავრესი
ქუხილია
    ბორკილის ტეხის -
ეს მეთორმეტე
გრიალია
    ას ოც ქვემეხის,
ეს ჯარისადმი
სამშობლოის
    არის სალუტი!
ამ ხმაში ისმის,
როგორ სწრაფად
    გაიჭრა ნება
ხმლის მოქნეულის
სიბასრით და
    ისრის სისწრაფით.
განვლოს მანძილი,
ავსებული
    ყინულთა ქაფით,
მხარისკენ, რომელს
ეწოდება:
    „მაშ, გამარჯვება“,
მხარისკენ, სადაც
სიყვარულის
    გრძნობებით მკვიდრით
გადაიშლება
ზღვა თბილი და
    ცასავით წყნარი,
ვერცხლებრ ბრწყინვალე,
როდესაც მას
    აშუქებს მთვარე
და ნაპირები
ასწლოვანთა
    ხეთა სიმდიდრით.
ამ ხმაში კიდევ
მშობლიური
    და დიდებული
მოსჩანან მთები -
ვის უნახავს
    იმათი ჭკნობა?
როგორ არ არის
საოცარი
    მათი სრულყოფა -
და სიდიადე
ცათამდისინ
    შეკიდებული.
სმენა დარაჯობს
უსაყვარლეს
    მდინარეთ ხმაურს,
ჰაერში დასდგეს
სურნელებათ
    სხვადასხვა ზვავი,
ნაპირებიდან
საამური
    ჰქროდეს ნიავი,
ყოველ მოგზაურს
ხიბლავდეს ის,
    ყოველ მეზღვაურს.
კოკისპირული
წვიმის ღვარი
    და ქარის სტვენა
ვერ დააყრუებს
შენს შვენებას
    ამ ხმის ბუნება!
შენში ხმაურობს
საუკუნეთ
    აგუგუნება,
მომჯადოებლად
მჭევრმეტყველობს
    სიმართლის ენა.
დაუვიწყარი
და ძვირფასი
    არსებობს წუთი;
ეს უმძლავრესი
ქუხილია
    ბორკილის ტეხის,
ასე გრიალებს
ბეთჰოვენი
    ასოც ქვემეხის,
ასე გრიალებს
სამშობლოის
    ჩვენი სალუტი.
                  
[1943]