შუალედი - დან - მდე
 
 


მიაგდებს მერანს მხედარი


მიაგდებს მერანს მხედარი -
სცლის გამარჯვების ფიალებს,
მის ხმალთან შენამკედარი
სიმართლის დროშა ფრიალებს.

ჩვენი ქვეყანა ებრძვის შხამს -
კვალდაკვალ მისდევს ტიალებს,
ყოველ დარტყმაში, ყოველ წამს
გმირული დროშა ფრიალებს.

ჩვენი ჭუნირი, ფანდური
სიცოცხლით გაიწკრიალებს,
მის ჰანგში ანდამატური
სამშობლოს დროშა ფრიალებს.

მტერი იხრწნება, ირღვევა
და სასიკვდილოდ ხრიალებს,
სიმართლის დროშა ირხევა,
სიმართლის დროშა ფრიალებს.

კიდევ ვაშა და დიდება -
გამარჯვებათა სიალეს,
იმარჯვებს ჭეშმარიტება,
ეს მისი დროშა ფრიალებს.
             
[1943]