შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გაშლიდა გაზეთს...


გაშლიდა გაზეთს.
    ყოველი სვეტი
სულიერ ღელვას
    იწვევდა მასში.
წრფელი, მშრომელი
    და მხნე პოეტი
ზიზღს, წყევლა-კრულვას
    უთვლიდა ფაშიზმს:

„ჩვენ ღარიბები
    ვიყავით წინად,
ვიყავით სუსტნი,
    თქვენ კი ძლიერნი,
თქვენ არ დაზოგეთ
    ცეცხლი და რკინა,
ხერხი და ძალა,
    ასე ცბიერი.

ჩვენ ბევრი, ძლიერ
    ბევრი ვიტანჯეთ,
ბევრჯერ სიკვდილის
    პირად ვიდექით.
არ დაგმორჩილდით,
    ვიბრძოდით მარჯვედ,
მარჯვედ და მედგრად
    წინ აღგიდექით.

ჩვენ ავაშენეთ
    ქვეყანა ძმობის;
იგი ეყრდნობა
    ამ ქვეყნად პირველს,
ხალხთა ძმობისა
    და მეგობრობის
ურთიერთ რწმენის
    ურყევ საძირკველს.

თქვენი ქვეყანა კი
    ურთიერთი
ღრმა სიძულვილის
    ვულკანზე მდგარი
ქანაობს. ომის
    მძვინვარე ღმერთი
არის იმისი
    ბაირახტარი.

ჩვენ ეხლა გავხდით
    უფრო მდიდარი,
უფრო ძლიერი.
    ეს თქვენ გაწუხებთ.
ბარენცის ზღვიდან
    შავ ზღვამდე მდგარი
სასტიკი დარტყმით
    მტერს ვუპასუხებთ.

ბარენცის ზღვიდან
    შავ ზღვამდე სვიან
სადარაჯოთა
    გზაა ძლიერი.
შორაღმოსავლით
    თავის გესლიან
თვალს არ გვაშორებს
    ვერაგი მტერი.

სიმდიდრეებით -
    არა ზღაპრული
ამბების ათას
    ერთი ღამისა -
თქვენ  სხვა სიმდიდრით
    ხართ დაზაფრული
ხალხი სხვანაირ
    დრო და ჟამისა.

გიჯაჭვავსთ, მაგრამ
    ვერ წვდება ხელი.
გსურთ, მაგრამ ვრცელი
    არის ტყეები,
თქვენ გენატრებათ
    აურაცხელი
შრომის სამეფოს
    სიმდიდრეები.

ვინ გაზომავს მათ
    მიწის სიღრმეში,
ვინ დაითვლის მათ
    ამ სივრცეებზე,
გამოსახული
    ერთ მედგარ დღეში -
უმაღლესია
    ყველა დღეებზე.

ჩვენ ვაიძულეთ,
    შევძარით ყველა,
რაც კია ძალა
    გასაოცარი -
ჰაერი, წყალი
    და ცისარტყელა,
ამოძრაონ დრო,
    დრო ამოძრაონ!

იცით, რა ძალით
    ამონატანი
აქ სცემენ ნავთის
    შადრევანები,
სად იმყოფება
    ჩვენი მადანი,
სპილენძის ბუდე,
    ოქროს ქანები.

ვით თამაშობენ
    ძვირფას ფერებით,
ჩვენი მიწის ქვეშ
    ძვირფასი ქვები,
ყოფნა, აღსავსე
    ბედნიერებით,
შრომათა ჩვენთა
    გამარჯვებები.

ჩრდილო პოლიუსს
    ამაყი ფრენა!
მეცნიერების,
    ტექნიკის ფრთებით.
აი საითკენ
    მივქრივართ ჩვენა,
აი საითკენ
    მივემართებით.

გვაქვს უმაღლესი
    მთის ელვარება,
ქალწულებრივი
    სუნთქვა პრერიის,
ჯუნგლები, სადაც
    ცისფერთვალება,
მსგავსი ოცნების
    და მისტერიის

უზარმაზარი
    ყვავილი შლილა,
გიგანტიური
    ადგას კედარი,
სად ლამაზია
    ყოველი დილა,
სად დარაჯია
    ჩვენი მხედარი.

მდინარეები,
    რომ აგავან ზღვებს,
ოქროთი რომ აქვთ
    ავსილი ფსკერი,
ჰაერი - მსგავსი
    რომ არა აქვთ სხვებს,
თავისუფლების
    სუფთა ჰაერი!

მტერია იგი
    იმ თქვენი ფილტვის
და ეჯახება
    თქვენს სუნთქვას მარად.
თქვენ ბერლინიდან
    ჩვენსკენ მოილტვით
და ფოლადისას
    ჰხვდებით მუზარადს.

რევოლუციის
    ქარში გზნებული -
თავდადებული
    ჩვენი არმია
გაკაჟებული
    იცავს სამშობლოს
და სამშობლო კი
    ის პლაცდარმია,

რომელსაც მოაქვს
    კაცობრიობის
თავისუფლება
    და გამარჯვება,
მას ინდუსტრიის
    ფრთისა და ბორბლის
სამართლიან გზით
    სვლა ემარჯვება.

ის არ შედრკება;
    ომის იარებს
მალამოდ აწვდის
    დაზგებთან დგომას,
აქ კიდევ უფრო
    გავაძლიერებთ
თავდადებულსა
    და გმირულ შრომას.

მძლავრია ბრძოლის
    აღფრთოვანება,
მიიმართება
    მტრის გულსაწვავად
წინ, იგი სულ წინ
    მიექანება
ჩვენი საზღვრების
    მხნედ დასაცავად!“
                         
[1942]