არ დავინდოთ
არ დანდობა, ვინც არ ინდობს
დედებსა და აკვნის ბალღებს,
ვინც ერები შეარია
შიმშილსა და ნგრევის ტალღებს!
სიკვდილი მას, ვინც შეაღო
დასარბევად ერთა კარი,
წმინდათ-წმინდას ვინც შეახო
თვისი ხელი უნდობარი!
თავდადებულ მამულიშვილთ
არ დასცხრება გული წრფელი,
და ქანაობს მძაფრი ცეცხლი,
მტერზე შურისმძიებელი.
და სხვა უკვდავ სახედ არის
აღმართული ბასრი ხმალი:
ხალხის აწმყო, ხალხის ხვალე,
ხალხის დიდი მომავალი.
1942