შუალედი - დან - მდე
 
 


ჯარი სიმღერით მიდის


ქარი მოარხევს დროშებს,
ჰქუხს ორკესტრების წყება,
ყველგან რადიოს გუგუნს
მთების გუგუნი ხვდება.

ეხლა ნაბიჯით მწყობრით
მიდის ქვეითი ჯარი,
არტილერიას დასცქერს
თვითმფრინავების ღვარი.

და გამოდიან ხალხის
წრფელ მოწოდების ხმაზე
მეზღვაურები, გზისგან
დალანძულები ასე.

ქარი მიარხევს დროშებს,
ჰქუხს ორკესტრების წყება,
ყველგან რადიოს გუგუნს
მთების გუგუნი ხვდება:

„არ გიღალატებთ, სანამ
მზე გვინათებს და მთვარე,
ყოველ მხარეზე კარგო,
ჩვენო სამშობლო მხარე“.

აქ იცლებოდა სისხლით
ჩვენი მამა და პაპა,
ჰქონდათ ერისთვის ბრძოლა
და სიმართლისთვის ჯაფა.

ასე მძლავრია მხარი -
ჩვენი სამშობლოს დიდის,
მშვიდი დღეა, თუ ქარი,
იგი სიმღერით მიდის.

ერთი სიმღერას იწყებს,
აჰყვა მეორე მშვიდიც,
ჯარი არ უფრთხის სიცხეს,
ჯარი სიმღერით მიდის:

„არ გიღალატებთ, სანამ
მზე გვინათებს და მთვარე,
ყოველ მხარეზე კარგო,
ჩვენო სამშობლო მხარე!“
                  
1942