შუალედი - დან - მდე
 
 


ჩანგო, ვით წინად, ახლაც მოველი


ჩანგო, ვით წინად,
ახლაც მოველი
შენგან ახალ ხმებს.
მზეა ცხოველი
საქართველოში,
სადაც ნანატრი
თავისუფლებით
სუნთქავს ყოველი.

რა სიცოცხლეა
მხარეში, სადაც
ყოველივე წელს -
რთულსა თუ სადას,
დაუღალავი
განაგებს ხელი,
რათა მოხაზულს
გაუსწროს ვადას.

რა სიცოცხლეა,
შეიგრძნო რომა,
აღფრთოვანებად
აქცია დრომა
მხარე, რომელსაც
გაღვივებული
აშუქებს შრომა
და მხოლოდ შრომა!

სადაც მხატვრული
გრძნობა წესია,
სად ყველაფერზე
უტკბოესია
მეცნიერების
დიადი გრძნობა,
მშვენიერება
და პოეზია.

აი ეს არის
მხარე, რომელიც
თავდადებული,
დაუცხრომელი
სხვა რესპუბლიკებს
მხარდამხარ უდგას,
როგორც მებრძოლი,
როგორც მშრომელი.

სად ეჯიბრება
სართულს სართული,
სდგას მეომარი
ზრუნვით გართული,
იმისი ენა
ქვეყნის ენაა
და მშობლიური
ენა - ქართული.

და დღეს, როდესაც
მტერი სდგას კარად
და თავდაცვისა
ტრიალებს ჯარა,
შენ შეგიძლია
რომ არ აჟღერდე?
არასდროს! არა,
არა და არა!

1942