შუალედი - დან - მდე
 
 


მეომრებო!


მეომრებო! მთელი ქვეყნის თქვენკენაა ეხლა თვალი,
მისი აწმყო, მისი ხვალე, მთელი მისი მომავალი.

მეომრებო! მსოფლიოსი სტალინგრადით წყდება ბედი
აზიისა და ევროპის გზაჯვარედით მიდის ქედი.

დაეძებდა უკვდავ სახელს თემური და ჩინგის-ხანი
და ეს იყო დამპყრობელთა ბრწყინვალება სისხლიანი.

მეომარო! შენ გინახავს არა ერთი ბრძოლის ქარი,
დროშა თავისუფლებისა შენ გინახავს სულ სხვაგვარი.

რაც სამშობლოს ემუქრება დამპყრობელი ასე ცხადი,
ასე დიდი სიმართლისთვის ომში იყო სტალინგრადი.

მეომარო! მთელი ქვეყნის შენკენაა გული წრფელი.
ცეცხლი, მეომარო, ცეცხლი! - მტერზე შურისმძიებელი.

ცეცხლი შურისძიებისა, ვინც აღამებს ცას სრულყოფილს,
უდიერად ვინც ეხება ყოველ კარგს და კეთილშობილს!

მოეფინოს ციხეს მაღალს მზეც მაღალი და დიადი,
და მაისებს ახალთ-ახალს გაიშლიდეს სტალინგრადი!
                            
1942