შუალედი - დან - მდე
 
 


მრავალ შეხვედრით


მრავალ შეხვედრას, ახალგაზრდებო!
    სიახლით მკვეთრით
უძლეველ ცოდნის არე გასწვდება
    მრავალ შეხვედრით.

რევოლიუციის მხარდამხარ ბრძმედნი
    დგანან, ვით დრონი -
იგი დარვინი, ის არქიმედი
    და ნიუტონი.

ჯერ არნახული დროის ხმებიდან
    მიდის ეს წელი,
ჩვენი ეპოქის მწვერვალებიდან
    თუ შენ შესძელი -

წინსვლა შრომის და მეცნიერების
    გონით, მარჯვენით,
თქვენ გაიმარჯვებთ, როგორც შეგფერისთ,
    სრულ გამარჯვებით.

კაცთა ჭეშმარიტ ამ გამარჯვების,
    კაცთა გენიის,
კაცთა სიკეთის სადარაჯოზე,
    ვით გამთენიის -

მზედ სდგას ეპოქა, ყოფნა აზრდება
    ბედნიერ ხვედრით,
მრავალ შეხვედრით, ახალგაზრდებო,
    მრავალ შეხვედრით!

[1940]