შუალედი - დან - მდე
 
 


ილიას მოტივი


ზღვაზე მწუხრის ჩრდილია,
რომ მღერის: გამაისდი!
მაგრამ სევდა ლოდივით
მაინც მთებს გასცქეროდა.
„უყვარდაო ილიას, -
ამბობს არტურ ლაისტი, -
ერთადერთი მოტივი
და მუდამ მას მღეროდა:
რომ სული სტირს და გული,
გულიც მასთან ღონდება,
რომ ამ წუთისოფლის გულს
ვერ იგებს რაიმეთი.
თვალს აახელს ბედკრული,
თვალს ცრემლი არ შორდება,
დარჩენია განწირულს
ერთადერთი იმედი.
ჩონგურს იღებს და სიმებს
დაჰკრავს, დააჟღარუნებს,
სიყვარულის სიმღერებს
ტკბილად დააღუღუნებს“.
ეხლა შუაღამეა,
ნათელით მოიფერა
ასე მშვენიერი ცა
სახით მოციმციმეთი.
გულში ჟღერს - რა ხანია
სიყვარულის სიმღერა,
როგორც ერთადერთი გზა,
ერთადერთი იმედი.
ეჰ, თუნდაც იმ მოტივით
მწუხარება გულიდან
ხალხის ერთგულმა შვილმა
მაინც ვერ მოიგერა.
ის სიმღერა ლოდივით
აწევს გულს წარსულიდან:
ერთხელ სარაჯიშვილმა
ზღვისპირ ჩემთან იმღერა.

1940 წლის 19 ივლისი
საგურამო