შუალედი - დან - მდე
 
 


მწერალი გრიმში


ჰგავდა კონგრესის კულუარები
ჯერ დამშვიდებულ სტიქიის მორევს,
გერმანიიდან მიღებულ ამბებს
უზიარებდენ ერთიმეორეს.
ემიგრანტია დღეს ჰენრიხ მანი,
ფეიხტვანგერიც ემიგრანტია,
მაგრამ მომავალ შეტევის ცეცხლი
არალეგალურ კერად ანთია.
არც ერთ მწერლობას არ განუცდია
ის საშინელი ცხოვრების დრამა,
რომელიც წილად ხვდა გერმანიას,
რომელმაც მტერი გაათამამა.
დელეგატები ბჭობდენ ხმადაბლა
და ხმაც მცირეა, როგორც ატომი,
დელეგატები ბჭობენ ხმადაბლა,
ტრიბუნასთან კი სდგას ორატორი.
იმ პირობებში, როდესაც მუშას
სიკვდილით სჯიან ცენტრში ევროპის,
მხოლოდ იმიტომ, რომ რემედასის
აღმოუჩინეს წიგნი წევრობის,
პოეტი მაინც ახერხებს სუნთქვას,
პოეტი გმირულს რაიმეს სჩადის,
დელეგატები ბჭობენ ხმადაბლა
და ტრიბუნაზე უცნობი ადის.
ამ დროს დარბაზში სინათლის თითქო
მოულოდნელად შენელდა შუქი.
სამარისებურ სიჩუმის წამებს
სთვლი: მოხუცია ის თუ ჭაბუკი?
იგი გრიმშია. შავ სათვალეებს
იდუმალება სდევს უჩინარის,
სამარისებურ სიჩუმის გარსში
სდგას და არავინ იცის: ვინ არის?
სდუმს მიკროფონი, ვერც გერმანია
და ვერც სხვა უცხო ქვეყნების რიგი
რადიოს მძაფრი გამოძახილით
ვერ გამოარკვევს: ვინ არის იგი?
და მღელვარე ხმით იწყებს უცნობი:
„ჩვენი მხურვალე სალამი კონგრესს,
რომელიც სულის თავისუფლების,
ზავის და წინსვლის მებრძოლებს მოჰკრებს.
ჩვენში ადვილი არაა ბრძოლა.
ამ იდეების მკაცრი მტერია
ადგილი, სადაც კონცლაგერია,
სადაც მესამე სდგას იმპერია.
გათელილია სიმართლის სიტყვა,
ყველასი, ვინაც გულს ამოიხვევს
და საწამებლად მიჰყავთ ყოველი,
ყოველი, ვინაც ხმას ამოიღებს.
მაგრამ ამაოდ, იქ მაინც ჩნდება,
როს მოთმინების ივსება სურა,
მაინც არსებობს, არსებობს დიდი
და მეომარი ლიტერატურა.
საწერ მანქანებს უზის ასობით,
მოლოდინში რომ, როგორც გეენა,
კარს შემოაღებს პოლიციელი
და მოიკითხავს: რასა სწერთ თქვენა?
მე არ დავიწყებ საუბარს მასზე,
თუ როგორია ჩვენი ცხოვრება,
თუ გერმანიას ვით მოადგა კარს
სუსხი კრიზისის, გამათხოვრება.
გიამბობთ ამას ვრცელ რომანების
და მოთხრობების ჩუმი გატანა,
რომელიც შექმნა იატაკისქვეშ
და ჯგუფმა მე აქ გამომატანა.
და არ არსებობს არავითარი
მიხაკისფერი ცივი კედელი,
რომ დაგვაშოროს და შეაფერხოს
თქვენდამი ლტოლვა განუწყვეტელი.
როდესაც გზებით შეუძლებელით,
ჰენრიხ მან, მოგვწვდა თქვენი წერილი,
როს გერმანელი მწერლების წყება
პარიზიდან გვწერს გულდასერილი,
ბარბიუსის და რომენ როლანის,
როს წავიკითხეთ ჩვენ მოწოდება,
გულმა კვლავ ძლიერ დაიწყო ცემა
და ჩვენი თავი არ გვეცოდება.
როცა გავიგეთ, რომ ანდრე მალრომ
ჩვენი ყოფიდან შემოსა თემა,
გულმა შეიგრძნო ის სიხარული
და უფრო ძლიერ დაიწყო ცემა.
ჩვენი სალამი ემიგრანტ მწერლებს,
სულ ამაოა, რაც თქვენ დაგმართესთ,
თქვენ სამშობლოდან გამოგაძევესთ,
მაგრამ სამშობლო თქვენ ვერ წაგართვესთ.
ხომ პოეტების, მოაზროვნეთა
და ჯალათების იყო ქვეყანა,
მაგრამ სამშობლო ადოლფ ჰიტლერის
არა, არაა ეს გერმანია!
სხვა გერმანია - ხვალინდელი დღის,
თავისუფლებით, ახალი სიბრძნით,
დღეს იბადება ეს გერმანია!
აი რისთვის ვსწერთ, და რისთვის ვიბრძვით“:
უცნობი, გრიმში, სცენიდან გაჰქრა,
ის გაჰქრა, მაგრამ მთელი დარბაზი,
ვით ერთი კაცი, აღელვებით სდგას,
თითქოს სვეტებსაც გააქვთ ბარბაცი.
მხნე ტაშისცემის გრგვინვა-ქუხილი,
დიდის გენიით ნაჭედი სიტყვა,
ფეთქდა მზე ნიჭი და ენერგია
ენტუზიაზმში, რაც იმ დღეს ითქვა.
ეს იყო ვრცელი, დიდი პოემა,
პოეტის სიტყვა თუ მართალია,
რომ პოემაში, როგორც რომანში
ან ნოველაში - რაც კი ძალია,
ყოველი უნდა ისწრაფებოდეს
კარგი დასკვნისკენ - უცნობის გრძნება,
შედეგი მისი დიდი გამოსვლის -
იყო პროტესტი და აფეთქება.
მან მთელ კონგრესზე დაუვიწყარი
შთაბეჭდილება დასტოვა ფიცის,
იყო გრიგალი, მაგრამ ვინ იყო
და ან ვინ არის? არავინ იცის.

1935