შუალედი - დან - მდე
 
 


გვადალკვივირი


რომ გაჰქრა სხივის
ალერსი ძვირი, -
შფოთავს და ჩივის
გვადალკვივირი:
„რად მინდა ვაზის
ნაზი ოცნება,
ან სილამაზის
გაჯადოსნება,
ანდა ჩრდილები
მძიმე მტევნების,
ან ყვავილები
ძველ ხეივნების,
ზვირთების სუნი,
მეთევზის მღერა,
ფუტკრის ზუზუნი,
ნიავის ბგერა,
ლაჟვარდი ელვით
მშუქარე ტბები,
ზურმუხტის ველით? -
ვერა, ვერ ვტკბები!
მე მფარავს ნისლის
შავბნელი სვეტი.
ჩემს ზვირთებს სისხლის
დაეცა წვეთი.
მას შემდეგ მეტი
არ მეფერების
თუნდ ერთი წვეთი
ბედნიერების!“
ხშირი ზეფირი
სტირის, ვით სირი,
ჩივის და ოხრავს
გვადალკვივირი.

1935