შუალედი - დან - მდე
 
 


ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?


- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,
რა სიბნელეში სდგას ცეცხლის სვეტი? -
- ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.

- ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?
- ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.

- ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?
- ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს...

- ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?
- ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!

1933 წლის 12 ოქტომბერი