შუალედი - დან - მდე
 
 


ლეგიონები


[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]

დამკვრელებს
ვაშა! სალამი!
ქართველი თუ ალჟირელი, -
მტრისათვის მწარე წალამი,
გუგუნებს კომკავშირელი.
- არა მორჩილი მონები,
არამედ შიშ-შთამგონები,
ამფეთქებლები მოდიან,
მოდიან ლეგიონები!
დამკვრელებს,
როგორც წესია,
ძმად არ წამთ უიმედონი.
ჩვენი მზე რიონჰესია,
ჩვენი გზა - რკინა-ბეტონი.
ასწი მკლავით და გონებით
ხუთწლედიანი ტონები:
აღმშენებლები მოდიან,
მოდიან ლეგიონები!
გმირული
ტემპით ვაშენოთ!
ვთესოთ! ავკრიფოთ! ვიღონოთ!
არ ვარგა, - გადავაშენოთ,
სხვა - კარგი გამოვიგონოთ!
არა მორჩილი მონები,
არამედ შიშ-შთამგონები,
შეჯიბრებისთვის მოდიან,
მოდიან ლეგიონები!
ხელდაკრეფილი
და მუნჯი
მოწმე არავის სჭირდება:
აქტივობაა საუნჯე,
როს მტერი აგიხირდება!
არა მორჩილი მონები,
არამედ შიშ-შთამგონები,
ჩვენს დასაცავად მოდიან,
მოდიან ლეგიონები.

[1931]