შუალედი - დან - მდე
 
 


აბა, რაა ეს?


[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]

მტერი მტარვალთა
წესწყობილების,
„ინტერნაციონალი“-ს
დიდი ავტორი -
ეჟენ პოტიე
ებრძოდა რა ბნელს,
მან ერთ თავის ლექსს
დაარქვა „მძორი“:
„აი, აქ გდია დამპალი ლეში,
ბუდე ყოველგვარ საშინელ შმორის,
მატლები ფუსფუსს იწყებენ მტლეში
კანონით კუთვნილ ნაწლავებს შორის.
დამფასებელი გემრიელ მძორის.
ყოველი მატლი ჩავარდა დღეში!
ავსწი ფიწალით და ვუშვი ღრეში,
ზიზღმა - რა აკლდა, არ გამაგორა.
მაშინ ამ ნეხვში, ასვრილში თიხით,
მატლმა კვამლივით იწია რიხით,
და აზრიალდა ერთხმად: ჰა-მეთქი!
პატივი ეცით საკუთრებას, წესს...
თუ ამა ქვეყნის გსურთ ააფეთქოთ
მყარნი ფუძენი? აბა რაა ეს“?
მთელი მსოფლიო
იმეორებს დღეს:
აბა რაა ეს?
აბა რას გავს ეს?
მაგრამ ავტორი
„ინტერნაციონალი“-ს
გრძნობდა, რომ წავა
ასე რეფლექსი.
შრომის მავალი
თავისუფლება
წინასწარ იგრძნო;
აი, ეს ლექსი:
„კოლოსი ხალხთ წინ წადგა რისხვითა,
დიდკაცებს, მოგვებს ეცვალათ ფერი.
ყველას აწვალებს საკითხი: მტერი!
ყველა კანკალებს: ო, აიწყვიტა!
შრომამ თავის გზა გადაიწყვიტა,
ყველაფერს, იგი, ფოლადათ მცქერი
ასწონ-დასწონის. არ გაიცვითა,
ყოფილა მონა, ახლა ძლიერი!
ის ამბობს: კმარა, თუ ედემია
მთელი მსოფლიო, იგი ჩემია!
ჩემი სასმისით სხვას მოლხენია.
მრისხანე ლანდო! გვწვავს შენი თვალი,
გაანაწილო, გსურს, კაპიტალი?
- „რა გავყო? არა! ეს სულ ჩვენია!“
და იმეორებს
კლასის გენია:
- გავანაწილოთ?
არა, ჩვენია!

[1930]