შუალედი - დან - მდე
 
 


რიტმი - საწყისი შრომის


[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]

მე ბავშობიდან მჯეროდა რიტმი -
საწყისი შრომის.
და საათობით მთელი დღე თითქმის
ვიყავი მდომი -
მესმინა ერთი მღელვარე რიტმი:
„თენდება, მჯერა“.
საფრანგეთის დიდ რევოლუციის
მუსიკის ბგერა.
„მარსელიეზა“, რომელიც ჰხევდა
წყვდიად რუტინას.
მედგარ ბრძოლისთვის რომ ამხნევებდა
და სძრავდა რკინას;
„ინტერნაციონალი“, რომელიც ქარხნებს
უკიდებდა ალს.
აი, როგორი მუსიკა უნდა
ეპოქას ეხლაც.
სახელოვანი და სანაქებო
და უფრო მეტი
როს გრგვინავდა ხმა: „ამხანაგებო!“ -
ცხრაას ჩვიდმეტის,
აი ეს იყო მართლა მუსიკა
ზღვა მუსიკათა.
გადაქცეული მუშათა ღელვათ
და ბარიკადათ.

[1930]