შუალედი - დან - მდე
 
 


ცინიკი


ქვეყნად რაიმეს ინატრებს კაცი.
მაგრამ რეგვენი თუა ან ბეცი,
ის იტყვის: ჰოი, რისთვის ვარ კაცი
და დაუმატებს: რად არ ვარ მხეცი!

შეგახიეო სიცოცხლე ტანზე!!
ცოტა კი უნდა გქონდეს ნამუსი,
რომ გაარჩიო, რაა სიცოცხლე
და რაა მხოლოდ ტანისამოსი!

მე მიწოდებდენ წინად პესსიმისტს
და ლამის ეხლაც მეწვიოს სევდა,
როდესაც მესმის (პირველად მესმის),
რომ კაცი როსმე სიცოცხლეს ხევდა.

ვთქვათ: შეახიეს (გათავდეს დავა)
სხვას რომელიმეს უქმად მოვლენილს,
მაგრამ ლენინმა რა დააშავა?
სიცოცხლეს ტანზე რად ახევთ ლენინს?

შემდეგ: როდის და სად გაგონილა,
ან ვის მოსწრია კაცი ტანჯული,
რომ დაენახოს სადმე ბარათი
ან მიმანჯული, ან დამანჯული.

ვთქვათ, შეცდომაა კორეკტურული
და „დამანჭულად“ იყო პირველი,
დაჭმუჭვნის ნაცვლად მანჭავენ ქაღალდს,
აი, ამბავი გასაკვირველი!

შენი ბარათი! - შენგან მოწერილს
(შენგან ჩემდამი) ნიშნავდა მარად.
აქაც გამოდის, რომ მაშაშვილი
ლენინისაგან იღებდა ბარათს.

მაშინ რისთვის ხევს ეს სუბიექტი
დიდი ბელადის ძვირფას მასალებს.
გაჩუმდეს, თუ თქმა არ ეხერხება,
მას სისულელის თქმას ვინ აძალებს?

რომანტიული სახელის ძებნით
თუმც მერყეობდა იმისი ჩანგი,
იყო ხან ალი, ხან ალიოშა,
ხანაც ალიო, ხან ბუმერანგი.

რამდენი სიტყვაც არის ამ ლექსში,
იმდენ სიყალბით ის არის სავსე -
თითონ წარსულის რომანტიკოსი
თავის შეცდომებს მე მახვევს თავზე.

მაგრამ მონახე ერთი სახელი
ყანწელებისგან დარჩენილ გემზე.
შეიარაღდი „კალმის მახვილით“
და იერიშით მოდიხარ ჩემზე:

„გალაკტიონი თუმცა დაობლდა,
მაგრამ ბედის წინ მაინც დიდია“ და სხვ.

თუმც შენ იდეურ დისკანტით ამბობ:
„გებრძვით გულდაგულ!“ აბა, გამოდით,
ცხოვრობს თავის მე-ს ვიწრო ნაჭუჭში
თავისი სარკით, სკივრით, კამოდით.

სხვისი ნაშრომის არ დაფასება -
აი რა არის ასარ-ბასარი.

ალიო არ სთმობს თავის შეცდომებს,
ის უცილებლობს, დგება ჯინაზე,
ვერ ათქმევინებ ხომ მას ვაჩნაძეს,
სულ ვაჩინაძე და ვაჩინაძე.

მართლაც, დამსეტყვა უსამართლობამ,
ბედი მხვდა მძიმე, აუწერელი.
ალიოების წინაშე მაინც
აპოლონი ვარ, ბელვედერელი.

[1929]