შუალედი - დან - მდე
 
 


მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს!


[ციკლიდან „ეპოქა“]

რკინა, ფოლადები, რკინა, ქვანახშირი,
ქუჩის ხერხემალი, ქარხნის საფეთქელი,
შრომით იბურება სუნთქვა განახშირი,
როგორც მასალები ასაფეთქებელი.

დგანან მშენებლები, როგორც ქვა-პიტალო,
არის ანგარიში მაღალ სართულებით,
მოსჩქეფს ზაჰესიდან ალი მოწითალო,
ბინდში გატანილი მწყობრი მავთულებით.

მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული -
არის საუკუნე ინდუსტრიალური!

[1928]