შუალედი - დან - მდე
 
 


პოეტის შეხვედრა მოჩვენებასთან რევოლიუციის მუზეუმის წინ 7 ნოემბერს, 1927 წ.


მძაფრი ორკესტრი ხმას ანაკადებს,
გრგვინავს ქუხილი წინანდელ მონის;
ლოზუნგებს, ისრებს, ფურცლებს, პლაკატებს
ისვრის მანქანა რატაციონის.
გრგვინავს ორკესტრი ვით წინანდელი
სამოქალაქო ომის ტეხილი,
ჰქრის მოგონებათ კორიანტელი
წარსულ დღეებთან გადაგრეხილი.
გრგვინავს ორკესტრი. სინათლეთ სვეტი
ხან გაიელვებს, ხან იქუფრება -
ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტი
ცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.
მძლავრი გამოდის ქუჩაზე მასსა,
რომ ხმამაღლა სთქვას გულისნადები.
მე ვიგონებდი სიმღერის ხმასა.
წარმოვიდგინე: გაჰქრა, გათავდა
შიმშილის გრძნებათ, სიცივის შვავთა
და დანგრევათა წელიწადები.
რევოლიუციის მუზეუმიდან
დაფიქრებული გვიან დავბრუნდი.
უეცრად თითქო ყრუ სიჩუმიდან
მოჩვენებათა შემომხვდა გუნდი.

ცოცხალი მოჩვენებები:

ჩვენ პოეტები
ვართ არეული,
ვართ შინაური
და გარეული,
ჩვენ დეპეშებით
მივიღეთ ომი
და ოქტომბერი
მზა-მზარეული.

ცოცხალ მოჩვენებათა
მეორე გუნდი:

არა! ჩვენია
ბედი მთოვარი,
მიწა და ზეცა
სწორუპოვარი,
ჩვენია ბინა
და ყოველგვარი
რევოლიუციის
მონაპოვარი.

პირველი მოჩვენება:

ნება მომეცით ბგერის,
ენა არა მაქვს მჭევრი,
ვიყავ მამულის - ერის
მხსნელ კომიტეტის წევრი.

მეორე მოჩვენება:

ვიყავ მეხური რიხი
და ფაბრიკანტი ძელქვა!

მესამე მოჩვენება:

მე ეკლესია ვიყავ...

მეოთხე მოჩვენება:

მე ადმირალი მერქვა!

-
ჩვენებათ გუნდი უეცრად გაჰქრა,
გაჰქრა! რიჟრაჟის საათმა დაჰკრა!
ისევ ორკესტრი... სინათლით სვეტი
ხან გაიელვებს, ხან იქუფრება,
ქარიშხლიანი ცხრაასჩვიდმეტი
ცხრაას ოცდაშვიდს ესაუბრება.

1927