შუალედი - დან - მდე
 
 


ქარი ამწევი ფარდის


სიკვდილის პირად ოდეს ვიქნები, -
მე ჩემს დემონებს
ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,
სადაც არა ერთს გავიხსენებ ნანგრევ შენობას.
მათ მხოლოდ ერთი ასწიონ ფარდა
მზის დამფარავი,
სადაც შენს იქით, სადაც შენს გარდა,
არ სჩანს არავინ,
ერთი წამია ნგრევის შეგნება -
წამი ღვარული,
იქ სიბრალული სულს არ ექნება,
არც სიყვარული.
გონება ჩუმობს და ჯადოს ილეკს,
სხივს მომაკრძალებს;
მხოლოდ შორეულ თოვლიან ბილიკს
მივაპყრობ თვალებს.
მღვრიე ქუჩები, ხიდეები,
ნისლი, ზარები
ჩემს დაფიქრებას ხმაურობით
ფარავენ მარად;
იხტიოზავრის გაღვიძებას
ესადარები,
ოდეს ქარები გრიალებენ:
მსოფლიო, წყნარად!
თმაგაწეწილი ორატორის
მძაფრი ძახილი
მიეშურება აღელვების
ზღვად და სამუმად.
ჯერ არნახული, ჯერ ართქმული,
ჯერ არსმენილი
ხმით გუგუნებენ მოედნები:
მსოფლიო, ჩუმად!
ხმა იყოლიებს ტრიბუნებზე
ამართულ ლანდებს,
უეცრად მასის გადარევა
ელვაზე ჩქარა
შესძრავს პეტერბურგს, ასწევს ლავრებს,
მანიფესტანტებს.
აღფრთოვანება, გაგიჟება,
წყევლა, მუქარა
ჩემს თვალწინ მიდის შეღამების
ელიზიუმად...
წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო!
მსოფლიო, ჩუმად!

[1924]