შუალედი - დან - მდე
 
 


ისევ ეფემერა


რა ამოძრავებს კიპარისის ტანს,
ჩუმი შრიალი საიდან არი?
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს:
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.
დუმილი გახდა ვიწრო გალია,
დაუძინარი და უჩინარი,
მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,
მარად და მარად ტყდება ჩინარი.
როგორც ჩინარი - ისე პოეტი:
მისთვის სიმაღლე არის წამება -
არა ღიმილით და ალოეთი
დაფარავს მტერთა ცილისწამება.
ის - მაღალია, დიდია მაინც!
მისთვის მოისმის ზარების ზარი:
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს,
მაინც მწვერვალებს ედება ქარი.
პოეტს მაისის სიზმრების ხილვით
ესარკებოდა პარიზის რკალი.
მაგრამ უეცრად ქარტეხილივით
მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი.
დემონიური არევ-დარევით
ყოველი მხრიდან ავარდა ალი.
სულში დაჰქროდა ქალი ქარივით
და შეშლილივით კივოდა ქალი.
ჰო, ლელიანი მაშინ დაქანდა,
ვით მწვერვალიდან მერანი მალი.
კუბო მიჰქონდათ, არვინ არ სჩანდა
და არ ტიროდა არც ერთი ქალი.
ოჰ, სიყვარული ზღვების ქაფია!
მიეცით წარსულს ელვა ან ხმალი,
რომ ამოკვეთოს ეპიტაფია:
„მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი!“
და პაგანინიც... ორგიის ბადეს...
მაესტრო თასით გადაკრავს ღვინოს;
ესტრადა ნათელ იმედათ ბადებს
აშლილ ვოლტორნებს და პიანინოს.
ის დანდობილი იღებს ჭიანურს,
და სასახლეებს ჰაერში მოდებს,
რომ მხარეები შეაჭიანოს
და ლეგენდები შორით ისმოდეს.
არა! არაა იმედი სიმათ,
ქალნი ლანდობენ თლილი თითებით,
სიმებთან ერთად ატირებს იმათ
თვალების ნაზი ქრიზოლიტებით,
მათ მეოცნებეს რომ ვარდი არგეს,
ის ნებას აძლევს სულს ითარეშოს,
არ ხედავს ახლო გაბზარულ სარკეს
და უიმედო საპირფარეშოს.
როცა ქარხნები ისვრიან დორბლებს,
ვერჰარნი, დროის ახალი დანტე,
თუჯის ხელებით სძრავს მძიმე ბორბლებს,
გიგანტი ცეცხლით მოანდამატე.
და ტრიალებენ ბორბლები ჩქარა
და, ინთქებიან ორთქლში გვერდებით.
ვერჰარნ! გაისმის მათი ხარხარი,
ნუთუ არასდროს არ შევჩერდებით?
დადგა დრო, რკინამ აიდგა ენა!
ის ითხოვს პასუხს, როგორც მკვლელობა,
და სასტიკია, როგორც გეენა,
მისი სისწრაფის ულმობელობა.
და ახრჩობს თავის ცხელი თითებით
მასვე, ვინც იმას სული შთაბერა,
მოჰკლეს ვერჰარნი! მაგრამ დიდებით
მას მოიგონებს ბედის სხვა წერა.
და დოსტოევსკიც... მას თითქო ასჯერ
ნისლიან ღამით, ნისლიან ღამით,
მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა
და ის ელოდა წამითი-წამით
ჯალათს შემოსულს ციხეში წყნარად.
რაღაც ამაზე ღრმა, უფრო მეტი,
გაუშუქებლად დარჩება მარად -
ასეთი არის მისი პორტრეტი.
იგი არ სინჯავს გამომხსნელ საჭეს,
ეფინებოდა რა სახეს ჩრდილი,
სიკვდილით დასჯა მას მიუსაჯეს,
ვინ იგლოვოს ის! რაა სიკვდილი!
ეშაფოტიდან უყურებს შორს პანს
დღემდე თვალების გამხდარი რეტი.
ასეთი არის მისი პორტრეტი.
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს...

1922