შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია...


ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე,
მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.

ყველამ იცოდეს: მე არავის წინ თავს არ ვიდრეკ..
მე არ ვუღიმი იმ პიგმეებს, რაც კი მტვერია -
მე ვმღერი ისე, ვით არავის არ უმღერია -
ასსონანსია სათაყვანო ჩემი სიმდიდრე.

მე აქ მოვედი, მე მოვედი, უცნობი, ნაზი,
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავსწიო თასი
თქვენი, რომელთა გატაცება ცეცხლის ჟინია.

და შურიანი პოეტების, მარადი ყეფა
დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?
უფრო ხმამაღლა დაიძახონ... არ მეშინია.

[1922 წელი]