შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია...


არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.

ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი
ისევ მოვა დანაკარგი... არაფერია.

გაიშლება მწუხარება შეულეველი,
შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.

შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი
იყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია.

მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,
მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია.

[1922 წლამდე]