შუალედი - დან - მდე
 
 


პირიმზე


დავიწყებული ჭიშკრის კარბაზე
ხავსი, ყავრები და წვიმის წვეთი!
გაჰქრა ათასი თეთრი დარბაზი,
გადარჩა მხოლოდ ცამეტი სვეტი.

კუბო კი ღამით სავსეა იით
და წაქცეული სვეტები დგება:
ამოდის მთვარე და სამაიით
ფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება.

ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოში
და ხელსახოცთა ქრიან ზღაპრები
და მეძახიან მშვიდ სამეფოში
მთები, სიზმრები და წინაპრები.

დილით დამჭკნარი არის ბალახი...
ზედიზედ ისევ ეცემა სვეტი.
გაიყვეს ძმებმა მოხუცი ბაღი
და მწუხარება დამრჩა ასეთი.

[1919 წლის ივნისამდე]