შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა..


მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოავლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917