შუალედი - დან - მდე
 
 


სად დასასრული იყო


სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის,
იდგა სანთლების ჯიღა,
და ქანდაკება თუჯის.
ყრიდენ სანთლები ზოლებს,
ჰქროდა სიცივე ბინდის,
და იგონებდენ მოლებს,
როგორც დაწყევლილ სინდისს.
იდგა გაშიშის სევდა,
მწარე, ნისლივით ვრცელი,
მას ბურუსებზე ხვევდა
თეთრი ობობას ქსელი.
თითქო მოინგრა ზეცა
სისხლის, სიცილი ლოთის,
თითქო მალული მხეცი
უფსკრულებიდან მოდის.
მოდის ბურანი ხანთა,
მას ბატონობა ანდენ,
სად ყვავილები სჩანდა
და დემონებიც სჩანდენ.
ვით დამსხვრეული ჭიქა
გატყდა ღიმილი ტუჩის,
სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის.

1915