შუალედი - დან - მდე
 
 


საღამო


მთის გაგიჟებულ რუებს,
ღვიით, ძენძით და ქვიშით,
გრიგალი დააყრუებს
მაცხოვრისადმი შიშით.
და დედოფალი ალვა
ელვამ დაღუნა ცივმა.
ასე გავიდა გვალვა,
ასე მოვიდა წვიმა.
ჯვარი, ლომი და კურო
ფარშავანგების არის.
თვალთა ანგელოსთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!
ზარით ატეხილ გრიგალს
დავით ნარინის ჯვარი,
მარმარილოთა ფიქალს
გადააფარებს მძლავრი.
ან გაოცებას, რასაც
მარად ანათებს ძელი,
ისევ დაადებს რაზას
შემოღამების ცელი.
ან, როგორც ასომთავრულს,
მუდამ შევამჩნევ ცაზე,
სხვისთვის უხილავ-ფარულს
მე რად გელოდი ასე.
ჯვარზე გაკრული ელვა -
ეს ჩემი დაა ლურჯი,
ლურჯ ყვავილების თელვა,
ახალგაზრდობა ურჩი.
ჯვართან მისული სურო -
მარტოობაა ქნარის...
თვალთა ანგელოსთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!

1915