შუალედი - დან - მდე
 
 


ყვავილები - წუთები


სიზმარში ვნახე: ყვავილებს ვკრეფდი,
თეთრ-თეთრ, ლურჯსა და წითელ ყვავილებს,
ვუფრთხილდებოდი, როგორც ნატვრის თვალს,
მათ სუსტ ღეროებს, მათ ობოლ ღილებს.
დავაწყე იგი იმ ადგილებზე,
სადაც სიკვდილის მეფობს ნავარდი...
და როცა დილით გამომეღვიძა -
იქ აღარ იყო არცერთი ვარდი.
ნეტარ წუთებით მთვრალ სიყმაწვილის
ბედნიერ დღეებს ავსებულს ჟინით
ვუფრთხილდებოდი ჩემს გაზაფხულზე,
ვმოსავდი ნატვრის ფარჩა-გვირგვინით.
დავიმახსოვრე მე ეს წუთები,
ეს გაზაფხული ნაზი, სათუთი.
გამოვერკვიე შემოდგომაზე -
მე აღარ დამხვდა არცერთი წუთი.

[1914 წლის ივნისამდე]