შუალედი - დან - მდე
 
 


ტყის პირად


ტყის პირად, შორსა გზას მიმავალი,
მივწექი და ძილს მივეცი თავი,
ჭადრების ჩრდილი მეხვია საბნად
და ნანისმთქმელად - მხოლოდ ნიავი
მძინარეს თავზე დამტრიალებდა
ფოთლები ტყისა და ყვავილები,
და ძილში ოდნავ ჩამომესმოდა
უცხოდ მომღერალ ფრინველთა ხმები.
მესიზმრა ამ დროს, რომ მოვიპოვე
სიმდიდრე დიდი, ქება-დიდება,
და ყველაფერი, რაც ქვეყანაზე
ფულით იმხობა და იყიდება.
სამაგიეროდ მთელ ქვეყანაზე
მოსიყვარულე ვერ ვპოვე გული.
გამომეღვიძა. საღამოს ნისლით
იჩადრებოდა ტყე დაბურული.
თვალი მოვავლე და დავინახე
ჩემი სიმდიდრე - გზა, მინდორ-ველი.
ვთქვი: ვისთვის მინდა მე, ამის გარდა,
აწ სხვა სიმდიდრე დაულეველი?
დღეს ტყეა ჩემი თავშესაფარი,
ხვალ - უდაბნოელ დარაჯის კერა,
ზეგ ისევ ცის ქვეშ გავათევ ღამეს
და მუდამ მიძმობს ჩემი სიმღერა!

1912