შუალედი - დან - მდე
 
 


ბუხართან


ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,
ცეცხლი ფიქრიანია -
იგრიხება ალი ბუხრის,
ისიც აწ ფრთიანია.

ნაკვერცხლებო, თქვენც ზიარის
მოგონებით ენთებით -
სიცოცხლის ხის, ნათელ მთვარის
და მზის ორნამენტებით.

თქვენ დაგცქერით მოსახება
ვაზის ნელი სირმების,
და მედგარი დაჯახება
ჯიხვების და ირმების.

იგრიხება ალი ბუხრის,
ისიც აწ ფრთიანია -
ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,
ცეცხლი ფიქრიანია.

ეჰ, ოცნება არ გაივლის,
რა არ გამახსენდება...
ვტოვებ ცეცხლთან, და აივნით
ცას შევცქერი - თენდება!..

ზეცა დაწყნარებულია,
ველს ნამი ესხურება,
ბუბა გაცხარებულია,
ბუბა მიეშურება.

შემოსილი ლაჟვარდით და
შუქით უკვდავყოფილით,
დგება შოდა-კედელას მთა
რუსთაველის პროფილით!

მსურს შევაღო სახლის კარი,
და უეცრად დავდექი:
ო, ეს კარი კი არ არის -
ცისკრისაა დამდეგი!

თითქო ნაბდიანი მეგრი
ორნამენტად ეგება,
„მობრძანდითო“ - მისი ეგრე
მესმის შემოგებება.

და იღება ხმებიანი
ჰანგით თანამოგვარე,
კარი - ჩუქურთმებიანი,
კარი - სტუმართმოყვარე.

აქაც მხვდება ალი ბუხრის,
ისიც აწ ფრთიანია -
ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,
ცეცხლი ფიქრიანია.

1947