შუალედი - დან - მდე
 
 


განჭვრეტა ოცდაათი წლის


სამყარო იგი აღარ არის... მეფის რუსეთში
სახრჩობელები არ ყოფნიდა დასჯილთა რაზმებს,
მაგრამ სიმართლის ხმა მრისხანე - ხალხის ნუგეში
ემუქრებოდა ციხის კედლით მეფის დარბაზებს.

თვალს მადევნებდნენ... კოშკში ვიჯექ ხავსით ბურულში,
ვიმალებოდი, ვამთავრებდი წიგნს არსაამოს
წყეულ დროებზე, წამებაზე, ტკივილზე, გულში
რომ ვგრძნობდი მრავალწამებული სამშობლოს გამო.

ეს ჩემი შრომა შემიფერხდა დიდი ხნით... ერთხელ
მხარ-ბეჭზე ნაბდით, ყაბალახით პირშებურვილი
ჩქამის გარეშე გამოვედი, ღამეს ვეახელ -
ვფრთხილობდი ძე-კაცს არ გაეგო ჩემი სურვილი.

მაღლობებს ღამე დასწოლოდა, პირქუში, კრული,
ხევში ღმუოდა, ხეებს გლეჯდა გრიგალი ქარი...
აღმართს მთებისკენ მივყვებოდი ფიქრით მოცული...
უცბად შორიდან, ვხედავ, მოდის ჩემკენ მხედარი.

მან შემომძახა აღტაცებით: „რევოლუცია!“
არ დავიჯერე, ერთ ადგილას გავჩერდი... ახლა
ხელი ვუტაცე აღვირს, თვალებს ჩავხედე მზიანს,
ვირწმუნე, როცა კიდევ ორჯერ წამოიძახა.

და მომეჩვენა, რომ ქედები კავკასიონის
მოვარდნილ ეხოს დაქუხებით შეეხმაურნენ.
ხალხი გამოჩნდა... თითქოს იგი ქარიშხლის ღონის
გადმონატყორცნი სტიქიაა ბრძოლის მოსურნე.

მყისვე შემიცნეს... როგორც ტალღამ ზღვის მოქცევისა,
„თვითმპყრობელობა - ყიჟინებდნენ - აწ  აღიგავა“,
მსწრაფლ ამიტაცეს, სიხარული დიდი მეღირსა,
როს მოედანზე გამიყვანეს. და, აი ვდგავარ...

ვდგავარ მაღლობზე... მოუსმინეთ პოეტს ხმა-ლითონს!
წარმოვთქვი: „უკვე დავამსხვრიეთ ტახტი ბოროტთა...
და ჩვენ წინაშე აელვარდა, მზედ ამოენთო
თავისუფლების შუქი - მნათი მომავალ დროთა.

ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება რიგით პირველი,
მაგრამ წინ გველის გადამწყვეტი ბრძოლა უცილო,
უბადლო გმირთა გაგვიძღვება ნაცადი ხელი,
იქნება ბრძოლა უწმიდესი, მტრის სასიკვდილო!

როდესაც მშრომელთ ყველა ჯურის მტრის აღვგვით სახეს,
დავთრგუნავთ, მოვსპობთ, გავიმარჯვებთ - გავუღებთ კარებს
თავისუფლებას!“... და პასუხად ერთხმად შესძახეს:
„სწორია. ვიცით ვინ მტერია და ვინ მოყვარე!“

როგორც სპილენძის საყვირის ხმა, გაფრინდნენ დღენი,
ეს მოწოდება აერთებდა მთელ ქვეყნის ხალხებს,
ქუხდა სიმართლე და მსოფლიო უსმენდა ლენინს,
შტურმით იღებდნენ მშრომელები ზამთრის სასახლეს.

მე მივყვებოდი გაუტეხელ სულისკვეთებით
ახალ ეპოქის საფეხურებს მძლე იდეათა,
შთაგონებული ხალხის დიად შემოქმედებით
სიმღერას ვქმნიდი ხალხისათვის უწრფელეს ხმათა.

და საამაყოს იმ წოდებას - სახალხო პოეტს,
სწორუპოვარი რომ მეძახის ახალი ხანა,
მიტომ ვატარებ, რომ ეგ ჩანგი უმღერდა მომენტს,
რევოლუციის დროს ხელთ მეპყრა, როგორც შაშხანა.

შენ, ჩემო ხალხო! სიყვარულით გამომარჩიე,
რადგან დავხატე ძლიერება შენთა იმედთა,
ის ნებისყოფა, რომლის ძალით მტარვალებს სძლიე,
რომ ოქტომბერში პირმშო ვიყავ ოქტომბრის დღეთა.

გულით ვიგრძენი მე იმჟამად ჩაუქრობელი
წკრიალა ხმები ჩემი ჩანგის, გამშუქი თალხის,
როცა მგზნებარე სიმთა თრთოლვით ახლის მშობელი
აღტაცებათა მზით გამთბარი ხარობდა ხალხი.

ოცდაათი წლის დიდებულთა მანძილთ განჭვრეტით
ბევრი შევქმენი ლექსი ლაღი და სასიმღერო,
ყველაში ისმის მძლავრ საბჭოთა სამშობლოს ხმები.
შენი ქუხილი და გუგუნი, მძლე ოქტომბერო!
                         
1947