შუალედი - დან - მდე
 
 


ევკალიპტი


მოგონებებმა
შენს ჩრდილში ნახა
მზე გამჭვირვალე,
როგორც თივთიკი.
ვესაუბრები
შენს ჩრდილს - რაა, რომ
მე პოეტი ვარ,
შენ - ევკალიპტი?!

მწუხრს შავი ზღვიდან
ქარი მოღელავს,
შენს მხოლოდ მწვერვალს
ხრის, უალერსებს.
ის ბალახბულახს
თუმც გადათელავს,
ვერას დააკლებს
შენს მტკიცე ფესვებს.

ასე: თუ ახლო
ფიქრი დაერთო,
ეხმაურება
ოცნება შორისს.
მაინც საერთო,
დიდი საერთო,
ძვირფასო ხეო,
რაა ჩვენს შორის?

სულთქმით დიადით,
გულთქმის ხმაურით,
მხრების აზიდვით
და ძალშევსებით -
მცენარე მკვიდრობს
ფესვებით მძლავრით,
ადამიანიც -
ძმობის ფესვებით.

1946 წლის 18 ივლისი