შუალედი - დან - მდე
 
 


ამირანი მიჯაჭვული


თუ მიაყურებ დუმილს ღამისას
და მახვილ სმენის შეგწევს უნარი,
მოისმენ გულის ცემას ამ მთისას:
ის კრთის, იდუმალმოგუგუნარი.

გამიგონია, რომ ამირანი
გაბედვისათვის მისცეს წამებას -
ფლობდა სიბნელე გულგამგმირავი
მის გათენებას და შეღამებას.

ადამიანებს მოსწყვიტეს ის, ვის
ასე უყვარდა ადამიანი,
ვერ შეეხედა ელვარე მზისთვის,
კლდე იყო ცივი და ნამიანი.

თოვლის ნამქერი, წვიმა და ქარი
გარე უვლიდენ ველურ კივილით,
საუკუნეთა ურიცხვი ჯარი
მის წინ ვიდოდა ასე ტკივილით.

თუმც გულს უწეწდა ყორნების გუნდი,
დღე ღამეს სცვლიდა და ღამე - დღესა,
გმირმა იცოდა, რა არის ხუნდი
და არ იცოდა, რა არის კვნესა.

წლიდანწლით იგი არყევდა პალოს
და ყოველ ასი წლის დასასრულზე
ლამის მოჰგლიჯოს, ლამის დასძალოს,
ლამის სურვილი გმირის ასრულდეს...

ყოველთვის მაშინ ხმადამცინველი
კავკასიონის კლდე-ფრიალოზე
მოფრინდებოდა შავი ფრინველი,
და დაიწყობდა ფრთებს ამ პალოზე.

მოსწევდა გმირი უროს საძალოს,
მაგრამ ფრინველი უცებ სწყდებოდა,
ურო სიმძიმით სწვდებოდა პალოს,
და პალო ისევ გამაგრდებოდა.

და ერთხელ ფრინველს დაუწყდენ ფრთანი,
დააკვდა პალოს და, აი, ბოლოს,
თავისუფალი სდგას ამირანი
და აწ ვერავინ ვერ დაიმონოს.

თუ მიაყურებ დუმილს ღამისას
და მახვილ სმენის შეგწევს უნარი,
მოისმენ გულის ცემას ამ მთისას:
ის კრთის, იდუმალ მოგუგუნარი.

[1937-1938]