შუალედი - დან - მდე
 
 


ახალი ტფილისის დაფუძნება


ალბათ გინახავს ის ქალი ქვრივი,
მთაწმინდაზე რომ დაუდგამთ ძეგლად:
საუკუნეთა მწუხარე მწკრივი
სჩანს მის სახებად და ანარეკლად.

ჩემო მკითხველო, სხვა შედარება
მოვნახოთ უფრო უნამდვილესი,
რომ შთავისუნთქოთ დარისდარება,
რითაც ახალი სუნთქავს ტფილისი.

სემინარიის პირდაპირ, ბაღში
ბარელიეფი იყო ასეთი:
ვაჟი, შთანთქმული სალი კლდის თაღში
მთელის სიმკაცრით და სინაზეთი.

მარჯვენა მკლავზე დახრილს, სძინავდა,
ვიწრო გვირაბის ქვაზე მჯდომარეს,
თავზე კლდე აწვა და ის ყინავდა
გამოღვიძების ასე მდომარეს.

მაგრამ იმ წერაქვს, რომ ეგდო გვერდით,
მეორე მიწვდა - ხელი მშრომელი,
ძველი ტფილისი ასწია მკერდით
და შექმნა სუნთქვა დაუცხრომელი.

მტკვრის ნაპირიდან მან მოიზიდა
ელექტრონები ქარვის და ლილის,
იმ ბაღებიდან და იმ ხიდიდან
დღეს ახალთახალს აფუძნებს ტფილისს.

ვით არ შვენოდეს ყოფნას სიახლე,
როდესაც სივრცე და უფრო მეტი -
ტფილისი არის იგი სიმაღლე,
მთაწმინდის სახელს რომ ირქმევს ქედი.

[1944]