შუალედი - დან - მდე
 
 


ომი მწვერვალებზე


საარაკო ბრძოლის ჟამმა,
დიდმა კავკასიის მთებმა,
ამ ჯაგებმა, ამ კლდეებმა,
ამ ჭაღარა ნისლის ფრთებმა,

ჩვენმა დებმა და დედებმა,
ჩვენმა მამებმა და ძმებმა -
მე მიამბეს, რაც ამ მწვერვალს
განუცდია მტერთან შებმა.

ვინც ქვეყნისთვის მზად არის, რომ
გადავარდეს ცეცხლში, წყალში,
ვინაც სიკვდილს სახელოვანს
გაბედულად უცქერს თვალში,

არ გაჰქრება ხალხის გულში,
არ მოკვდება ბრძოლის ალში,
უკვდავია მისი ხსოვნა
აწმყოში და მომავალში.
                  
[1943]