შუალედი - დან - მდე
 
 


ბათუმი


მიყვარს ბათუმი... მისი ბუნება,
მის ოქრორეულ ლაჟვარდის ბლონდი,
მისი ზღვის მძლავრი აგუგუნება,
მისი ზენიტი და ჰორიზონტი.

მიდის გამზირი სწორ ისარივით,
ცურავს ფოთლებში სუფთა და ჩუმი.
ფლორის სიმშვიდით და გადარევით
სავსე ლაჟვარდი - მიყვარს ბათუმი.

ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირი
და მხიარული ულტიმატუმი
შესძლებს, რომ გულის გულთან კავშირი
შესწყვიტოს, ისე მიყვარს ბათუმი.

ვით შავი თუჯი დასახო მერნად -
სადავეები მიუშვა მერნებს,
ისე ცისტერნას მისდევს ცისტერნა
და თვლა არა აქვს ნავთის ცისტერნებს.

კვლავ გახსენება იმ ტრირემების,
კვლავ ჩაქურების და თავსაფრების...
მიყვარს გუგუნი ჩვენი გემების,
გაფრიალება მძაფრი აფრების.

შავი ზღვის პირად სდგას მეზღვაური
და დაფიქრებით თუთუნს აბოლებს...
ტალღების მძლავრი და მხნე ხმაური
შლის მოგონებებს და პარაბოლებს.

მის წინ იშლება მთელი ედემი
ზურმუხტისა და ოქროს ფერებით,
კვლავ აგონდება ძლიერი გემი,
გარშემორტყმული კრეისერებით.

კვლავ აავსებენ ნაპირებს ნაღმით...
ტორპედოს ეხლა სხვა ეწირება:
მტრის გემი, მსვლელი უკუღმა-წაღმით,
იხრება, წვება და იძირება.

ხვალ სამხრეთისკენ გაიწევს ფლოტი,
რომ გადალახოს მთელი განედი.
ასეთი არის შავი ზღვის შფოთი:
ზღვას და სიმშვიდეს სძულთ ერთმანეთი.

ვერვინ იპოვის მტრის გემს ადგილას,
სადაც ოდესმე ახსოვდა ნაპირს:
წყალზე მოდებულს შეამჩნევ დილას,
ნავთის ნიშნებით ფარულ ზედაპირს.

მოიგზავნება მაშველი ძალა,
განიგმირება იმისიც გული,
ბომბარდირების შემდეგ ბრიალა
ცეცხლში იქნება ის გახვეული.

ამჩნევ გემს, როგორც ბუმბერაზ ქალაქს,
გამოხედვა აქვს მძიმე და ავი...
დაატრიალებს, როგორც ბზრიალას,
ჩვენი პატარა წყალქვეშა ნავი.

თრთის მეზღვაურის გული, ოდეს ის
მოგონებათა არეში ჰპოვებს
ჩვენი ყირიმის, ჩვენი ოდესის
და კავკასიის სანაპიროებს.

იძვრის ხვეული თუთუნის ბოლის,
გახსენებათა სივრცემდე მწვდომი.
გმირული დაცვა სევასტოპოლის...
ორას ორმოცდაათი დღის ომი.

სად იშუშებდა წყლულს დას-დასობით
ძველ ნავსადგურის წყალი მბზინავი,
სადაც დაჰკარგა მტერმა ასობით
ტანკი, ქვემეხი და თვითმფრინავი.

და ბნელ ღამეში უწყვდიადესი
ზრახვებით სავსე ხმა ვეღარ მღერის,
დამარცხებულ მტრის სამას ათასი
ჯარისკაცისა და ოფიცერის.

ტალღას ფერი აქვს უმანკო იის,
ქაფი ტალღისა ჰგავს ფერად ნაქსოვს...
მაგრამ თქვენ ჰკითხეთ ნოვოროსიისკს,
რა საოცარი გრიგალი ახსოვს.

მიყვარს ბათუმი... მისი ბუნება...
მის ოქრორეულ ლაჟვარდის ბლონდი,
მისი ზღვის მძლავრი აგუგუნება,
მისი ზენიტი და ჰორიზონტი!

რამდენ განგაშის იყო საათი -
საბრძოლო ჟამი: დილა, საღამო;
რამდენ მტერს მძაფრი წაეჭრა თათი,
ჩვენი ძვირფასი ბათუმის გამო.

რა მშვენიერი ზღვა გაქვს, აჭარა,
რა მომავალი, ძვირფასი ბედით...
ქალაქი - ჩვენი ქვეყნის ფანჯარა
აღმოსავლეთით და დასავლეთით.

ქალაქი, ქვეყნად მრავალის მცნობის,
ამაყად მთქმელი გრძნობის ქართულის,
შუა აზიის, შემდეგ ევროპის
გზების მრავალფრად წინ მიმართულის.

და სამამულო ომის ხანაში,
გამარჯვება რომ ამზადებს მაისს,
ორი ზღვა არის ჩვენს ქვეყანაში:
ზღვა შავი და ზღვა ციტრუსის, ჩაის.

ბათუმი... მისი ზეცა და გემი,
იმისი მიწის ხმა საჯადოქრო,
სად დაიბადა სიმღერა ჩემი:
„ოქრო აჭარის ლაჟვარდში“ - ოქრო!
                         
1943