შუალედი - დან - მდე
 
 


არაგვის ქარი


კვლავინდებურად
ამოდის მზე
    და ისევ ჩადის,
ჩასვლისას სივრცე
ოქროვდება
    მთების ფერადის.

კვლავინდებურად
უსაზღვრობის
    გზებით მავალი -
ცაზე ენთება
ვარსკვლავების
    რიცხვი მრავალი.

ამოდის მთვარე
და თავისი
    ცისფერი გზებით
ვერცხლისფერ ნათელს
მიმოავლებს
    მიდამოს გზნებით.

სიზმრებში ხვეულს
მეოცნებე
    გადაშლილ ველებს
არაგვის ქარი
საამურად
    აამეტყველებს.

ვლიან ღრუბელნი,
ეხლა მათში
    ისვენებს მკრთალი -
თბილი წვიმები,
ელვა, მეხი
    და ქარიშხალი.

ღელავენ ველნი,
ჯეჯილები
    და ყვავილნარი.
ყვავილებს ოდნავ
შეეხება
    ბაგეზე ქარი,

რათა აიღოს
და გადასცეს
    მსუბუქი მტვერი -
წარმოშობათა
საიდუმლო
    ნაზი, ცისფერი,

მარად უკვდავი
სიყვარულის
    ოხვრა-სალამით.
აყვავილების
მომავალის
    ბედნიერ წამით.

უცებ მას შმაგი
არყევს ქარი
    დუშმანი მტერის
და მას ხვდება ხმა
საზენიტო
    არტილერიის.

შენ ხომ ამაყი
ხარ, მებრძოლი
    და ახალგაზრდა,
სისხლში ღელავენ
ნაპერწკლები
    დიდებულ აზრთა.

შენში მშობლიურ
მოწოდების
    მოძრაობს ალი,
გეხვევა ბრძოლა,
როგორც ქარი,
    როგორც გრიგალი,

ბრძოლა - გაშლილი
მთელ სივრცეზე
    სასტიკი, მკვეთრი -
ბრძოლა მეტყველი
ყოველ მეტრით
    და კილომეტრით;

ვერ შესძლებს მტერი
რომ ჩააქროს
    ახალი ალი,
ვერ შესძლებს დასწვას
ხალხთა აწმყო
    და მომავალი.

ცეცხლად ღელავენ
ნაპერწკლები
    მშობლიურ აზრთა...
სამშობლოს იცავს
დღეს მოხუცი
    და ახალგაზრდა.
                        
1942