შუალედი - დან - მდე
 
 


არწივების თავდასხმა ჰაეროპლანზე


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეხლა სხვა თემა გადავდოთ განზე
(კი არ დაღონდე!),
არწივთ თავდასხმა ჰაეროპლანზე
მე მომაგონდა.

ჩვენ მივფრინავდით სისხამა დილით
ჰაეროპლანით,
შემოსილიყვნენ კლდეები ჩრდილით
ლურჯით და მწვანით.

გაქრა თუ არა დილის ბინდბუნდი
ღამის ჩრდილივით,
თავს არწივების დაგვესხა გუნდი
მწარე წივილით.

ეს იყო ბრძოლა, რომელსაც მკაცრი
მიეცა აზრი, -
ნისკარტი ბასრი, კლანჭები ბასრი,
თვალებიც ბასრი.

მაგრამ რა ძალუძს ფოლადთან სუმბულს?
მე მომაგონდა,
რა ფერის სისხლი ფერავდა ბუმბულს,
ქარს რომ გაჰქონდა.

როგორ არ ვიცი, ამგვარი წვიმა
ბრძოლის რას ჰქვია.
ძველი არწივი რკინის არწივმა
გამოარკვია.

კლდეები მშვიდი და ობიანი
მათი ვედრება -
დგანან. სდუმს თოვლით მშვიდობიანი
გადათეთრება.

[1928]